weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

21:08 შაბათი, 11 სექტემბერი 2021

პროკურატურამ ყვარელში, საქართველოს ბანკის სერვისცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ 49 წლის შალვა მელიქიშვილს ბრალი ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მელიქიშვილს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 სექტემბერს, შალვა მელიქიშვილმა საქართველოს ბანკის სერვისცენტრში ტერორისტული აქტი განახორციელა და საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა.

„შენობაში მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები აიძულა დამორჩილებოდნენ მის მოთხოვნებს და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებით ბანკის შენობაში მყოფ მოქალაქეს მოსთხოვა დაერეკა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში და ხელისუფლების ორგანოებისთვის მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაეცა.

თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შ.მ. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 ლარი და 500 000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა.

სამართალდამცველებმა შ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარე მელიქიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა განაცხადა, რომ შალვა მელიქიშვილი ბრალს აღიარებს, დანაშაულს ინანიებს და შეღავათს ითხოვს. ის ბანკში შეჭრის მოტივად მძიმე ფინანსური მდგომარეობას ასახელებს.

„მას 52 ათას ლარამდე „თიბისი ბანკის“ ვალი ჰქონდა, რის გამოც ბინას გაუყიდიდნენ. გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო. როგორც ბრალდებული ამბობს, თავიდან ნახევარი მილიონი დოლარი მოვითხოვე და ჩავთვალე, რომ ნახევარი მილიონი ლარიც უნდა მომეთხოვა, იმიტომ, რომ ლარიც საჭიროაო“, – განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

შალვა მელიქიშვილი თელავში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა. მისმა ყოფილმა დამსაქმებელმა, სასტუმრო-რესტორან „ძველი თელავის“ მფლობელმა, შოთა დემინაშვილმა განაცხადა, რომ მელიქიშვილს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]