სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, სხვადასხვა პირთა მიმართ სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროებამ სისტემური ხასიათი მიიღო.
„სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.
აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის აღნიშნავს, რომ ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს 2017 წლის 1 ივნისს №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწას და შექმნის ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მყარ გარანტიებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, – ვკითხულობთ სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს (მათ შორის, ჟურნალისტებთან და პოლიტიკოსებთან) და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს.