weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ეკა კვესიტაძე უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის გამო პროკურატურას მიმართავს

11:54 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს. ჟურნალისტმა საკუთარი თავი აღმოაჩინა 13 სექტემბერს ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად, შედგენილ ანგარიშებში.

ეკა კვესიტაძის თქმით, სუს-ის ანგარიშში შესულია მასსა და ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს (იაკობიშვილი) შორის 2019 წელს შემდგარი სატელეფონო საუბრები.

„ინტერნეტში აიტვირთა 35 ათასი ფაილი, რომელიც ძირითადად ეხება ეკლესიას, ეკლესიის წარმომადგენლების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს - იქნება ეს პირადი ცხოვრება, კრიმინალთან ურთიერთობა, მათი პოლიტიკაში ჩართულობა, ჟურნალისტებთან ურთიერთობა თუ ა.შ. ამ ფაილებში ყველა ჟურნალისტმა აღმოვაჩინეთ ჩვენი სახელი და გვარი, დაწყებული წამყვანებიდან, დამთვრებული პროდიუსერებით. რა თქმა უნდა, მეც ვარ ძალიან მსუყედ მოცემული ამ ანგარიშში. მათ შორის, არის ჩემი და მეუფე იაკობ იაკობიშვილის საუბრები. ეს საუბრები შედგა როდესაც „ციანიდის სკანდალი“ იყო ახალი მომხდარი. იაკობ იაკობიშვილი მირეკავდა მაშინ. ამ საუბრების დეტალური სტენოგრამა 16 გვერდია“, – განაცხადა კვესტიაძემ.

გარდა ამისა, ე.წ. სუს-ის მასალებში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ეკა კვესიტაძეს დაბადების დღე მიულოცა ზესტაფონის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძემ), რაც ეკა კვესიტაძემ „დადებითად შეაფასა და ეპისკოპოსი მიიწვია თავის საავტორო გადაცემაში, რაზეც მ. ხაჩიძემ ამ ეტაპზე თავი შეიკავა“

„ჩემი აღშფოთება ყველაზე მეტად გამოიწვია იმან, რომ ჩაწერილია ჩემი და ჩემი მეგობრის, ნინია კაკაბაძის საუბარი, სადაც მე ნინიას ვეუბნები, რომ არ ვიცნობ პეტრე ცაავას და მაინტერესებს მისი გაცნობა, რადგან შემექმნას მასზე შთაბეჭდილება.

ამიტომ, პირადად მე, ეკა კვესიტაძე, ჟურნალისტი, რომელსაც უკანონოდ უთვალთვალებენ და უკანონოდ უსმენენ და ამ მოსმენების მტკიცებულებაც არსებობს, ვაპირებ შევიტანო პროკურატურაში განცხადება;

ვაპირებ, რომ ამ საქმეს მივცე სამართლებრივი გაგრძელება და ვფიქრობ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ჟურნალისტმა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ისე პოლიტიკოსმა, ყველამ უნდა ვუჩივლოთ ივანიშვილის რეჟიმს იმისთვის, რომ ახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ უკანონო მოსმენებს და უკანონო თვალთვალსაც“, – განაცხადა ეკა კვესიტაძემ გადაცემაში „ღამის მთავარი“.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს (მათ შორის, ჟურნალისტებთან და პოლიტიკოსებთან) და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა გავრცელებულ მასალებში საკუთარი თავი ამოიცნო.

14 სექტემბერს, გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]