ჟურნალისტ ბექა ყორშიას ინფორმაციით, მათ თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც პარტიის ოფისში „ქართული ოცნებიდან“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად მივიდნენ. ბექა ყორშიას თქმით, იქ მყოფი ადამიანები მათ თავიდანვე აგრესიით დახვდნენ.
„ალბათ ოთხი-ხუთი ადამიანი იქნებოდა. უბრალოდ გვინდოდა ჩაგვეწერა, რამდენიმე კითხვა მქონდა ზაზა გულიაშვილზე და მასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებზე. როგორც გამოაშკარავდა და მოხდა მისი ლუსტრაცია, ის არის სუს-ის აგენტი. ამაზე განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როდესაც ვკითხე, რომ ის არის სუს-ის აგენტი და ეს არის ფაქტი. გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი. არ ველოდი, რომ ლევანი გადარჩებოდა. რამდენიმე წამი გაითიშა და აზრზე რომ მოვიდა, თქვა, რომ ზურგს ვერ გრძნობდა, ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ“, – განაცხადა ბექა ყორშიამ მომხდარის შემდეგ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ლევან აბლოთიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამ თემაზე:
„მთავარი არხის“ ოპერატორი თვითონ დაეცა, მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ – მდინარაძე