weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„მთავარი არხის“ ცნობით, მათი ოპერატორი „ოცნების“ წევრებმა მე-2 სართულიდან გადმოაგდეს

21:37 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ქარელში, იმ შენობის მეორე სართულიდან, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისია განთავსებული, არხის ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს. დაშავებული ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჟურნალისტ ბექა ყორშიას ინფორმაციით, მათ თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც პარტიის ოფისში „ქართული ოცნებიდან“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად მივიდნენ. ბექა ყორშიას თქმით, იქ მყოფი ადამიანები მათ თავიდანვე აგრესიით დახვდნენ.

„ალბათ ოთხი-ხუთი ადამიანი იქნებოდა. უბრალოდ გვინდოდა ჩაგვეწერა, რამდენიმე კითხვა მქონდა ზაზა გულიაშვილზე და მასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებზე. როგორც გამოაშკარავდა და მოხდა მისი ლუსტრაცია, ის არის სუს-ის აგენტი. ამაზე განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინეს, როდესაც ვკითხე, რომ ის არის სუს-ის აგენტი და ეს არის ფაქტი. გარეთ გამოგვაძევეს. მეც მომხვდა ხელი. არ ველოდი, რომ ლევანი გადარჩებოდა. რამდენიმე წამი გაითიშა და აზრზე რომ მოვიდა, თქვა, რომ ზურგს ვერ გრძნობდა, ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებდა. სრული ჯოჯოხეთი გამოვიარეთ“, – განაცხადა ბექა ყორშიამ მომხდარის შემდეგ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ლევან აბლოთიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

„მთავარი არხის“ ოპერატორი თვითონ დაეცა, მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ – მდინარაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]