„გაწერის პერიოდისთვის მისი მდგომარეობა შეესაბამებოდა გაწერის კრიტერიუმებს. პირველი რიგის კვლევებით, ასევე, მაღალტექნოლოგიური კვლევებით არის დადგენილი მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული ტრავმები. რაიმე შინაგანი ორგანოების დაზიანება, თავის ტვინის ანდა ძვლოვანი სისტემის, დადგენილი არ იქნა. გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა არის და სახსრების დაჭიმვა. რეკომენდაციაა, რომ წოლითი რეჟიმი იყოს“, – განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ.
გუშინ განვითარებული მოვლენები თავად ლევან აბლოთიამ გაიხსნენა:
„სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, რა არ გაგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანებისგან მსგავსი აგრესია არსად მინახავს. ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია, დაუფიქრებლად.
მე და ჩემი ჟურნალისტი, ბექა ყორშია ქარელში ვიმყოფებოდით, ჟურნალისტურ საქმიანობას ვახორციელებდით, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ოფისში მივედით. ბექა ყორშია გამოიყვანეს შიგნიდან. მეც გამოვედი. ეს ხალხი ოფისში ჩაიკეტა. ჩვენ აივანზე ვიყავით, ისინი შიგნით იყვნენ, შუქებიც ჩააქრეს. შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა ყორშია „სტენდაფს“ ვწერდით, ისევ გამოვარდა 4-5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი - წინიდან. ვარიდებდი თავს, როგორც ხდება. უკან-უკან მივდიოდი, რადგან მინდოდა, დისტანცია მქონოდა აგრესორ ადამიანებთან. მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე. თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე და მოხდა ის, რაც მოხდა - გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, – განაცხადა აბლოთიამ ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ქარელის ოფისში ჟურნალისტებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, იყო სიტყვიერი კამათი, „მთავარი არხის“ ოპერატორი „უკან სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც წამოედო დაბალ მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.