weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რას ედავება საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას

18:42 პარასკევი, 17 სექტემბერი 2021

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ და დღეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლება ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.

პროკურატურის განცხადებით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ექვს სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მეგის ქარდავა მსჯავრდებულია პატიმართა მიმართ განხორციელებული წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მეგის ქარდავამ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც.

მეგის ქარდავა ასევე მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მეგის ქარდავამ, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულ რამდენიმე მსჯავრდებულს ღირსებისა და პატივის შელახვით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა მათი დაწესებულების ეზოში გაყვანის შემდგომაც. ყველას დასანახად პატიმრების უმოწყალოდ ცემამ და მათი ამ ფორმით ბადრაგირებამ, სასჯელაღსრულების დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, პატიმართა ბუნტი და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

მეგის ქარდავას მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მეგის ქარდავამ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

თითქოსდა ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის აღიარების მიღების მიზნით პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობებს უკავშირდება მეგის ქარდავას მიმართ არსებული არაერთი სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ:

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მეგის ქარდავას მსჯავრი დაედო ე.წ. კასრების საქმეზე, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის 29 მაისს და 2 აგვისტოს, მეგის ქარდავამ, რომელსაც იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ორ პირს, რის შემდეგაც მიიყვანეს ზუგდიდის რაიონში, სოფელ განმუხურის ტერიტორიაზე არსებულ მიწურში. ხსენებული პირებისგან ტერორისტული აქტების განხორციელებაში მონაწილების შესახებ აღიარების მისაღებად, მეგის ქარდავამ მათ ელექტროშოკით დენს არტყამდა, სხვა პირები კი აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. სასურველი აღიარების მისაღებად, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მეგის ქარდავს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, რომ 2011 წლის 11 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს სამი პატიმარი, კერძოდ, უმოწყალოდ სცემდნენ მათ, აწამებდნენ ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით. პატიმართა წამებისას ისინი იმდენად ხშირად იყენებდნენ ელექტროშოკს, რომ მოწყობილობა 2-ჯერ გამოვიდა მწყობრიდან. წამების შედეგად ერთ პატიმარი იმავე დღეს გარდაიცვალა.

წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნას უკავშირდება მეგის ქარდავას მიმართ არსებული კიდევ ერთი საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლით, რომლის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

კერძოდ, 2011 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილეებად დასახელების მოთხოვნით, უმოწყალოდ სცემა და ოჯახის წევრების გაუპატიურებით დაემუქრა ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს. 

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე მეგის ქარდავას მიმართ, რომელიც შეეხება თავისუფლებააღკვეთილი პირისგან ძალადობრივად ინფორმაციის მიღებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 1441-ე მუხლით, განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

საქმის გარემოებების მიხედვით, 2012 წლის 29 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსთან ერთად, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, „ბეისბოლის ჯოხის“ და სხვა საგნების გამოყენებით რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი.

ასევე, კიდევ ერთი სასამართლოს განაჩენით, მეგის ქარდავას მსჯავრი დაედო დაკავებული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მეგის ქარდავამ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მეგის ქარდავას ბრალების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. 2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი.

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეხება მეგის ქარდავას მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს მეგის ქარდავას ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა 2017 წლის 10 აპრილს მიმართეს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინის პროკურატურას იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს გაეგზავნა.

2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს.

„საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მეგის ქარდავა დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მეგის ქარდავას მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში და უკრაინელ კოლეგებს წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]