„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნიკა კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნიკა კვარაცხელიას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნიკა კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და ტარებას გულისხმობს.
ნიკა კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი იყო.