ყოველწლიურ პედაგოგიურ კონფერენციაზე, 30 აგვისტოს, ე.წ. განათლების მინისტრმა ნატალი გასიევმა აღნიშნა, რომ ქართულ სკოლებში, რომლებიც ძირითადად ახალგორშია, რუსულ და ოსურენოვან სწავლებაზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება. მისივე თქმით, ქართული ენა სასკოლო პროგრამაში „საკმარისი მოცულობით“ დარჩება.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ასეთი ცვლილებები აუცილებელია.
„ამ გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება აღარ შეიძლება. ლენინგორის რაიონის მოსახლეობამ ბოლოსდაბოლოს უნდა იგრძნოს თავი სამხრეთ ოსეთის და არა საქართველოს ნაწილად. არავითარ შემთხვევაში არ ავკრძალავთ ქართულ ენას. ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ძმები ვართ. ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ, რომელიც უნდა გაერთიანდეს, განვითარდეს და წინ ერთად იაროს“, - ციტირებს ბიბილოვის განცხადებას „სპუტნიკი“.
დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლა ქართული სკოლების მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ჩააბარონ სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში, ასევე რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ახალგორის რაიონს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85% (6520 ადამიანი) ქართველები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათმა ნაწილმა რაიონი დატოვა.