weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის ბანერებზე ხელშეკრულებას ვადა წლის ბოლომდე ჰქონდა

10:51 სამშაბათი, 21 სექტემბერი 2021
ფოტო © National Geographic ფოტო © National Geographic

„ვაქცინაციის ბანერის პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებზე სიძულვილის ენის შემცველი, ე.წ. სისხლიანი ბანერების გადაკვრაზე.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს სარეკლამო კომპანიასთან ხელშეკრულება ამ წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა გაფორმებული.

„იქ ხელშეკრულების ნიუანსებია, ჩვენ რა პასუხისმგებლობას ვიღებდით და რა პასუხისმგებლობას იღებდა სარეკლამო კომპანია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა წლის ბოლომდე იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სარეკლამო კომპანიას მიმართა და „ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ის გაითავისებს იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს ნებისმიერ კომპანიას უნდა ჰქონდეს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი“.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მივა იმ დავამდე, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ორგანოში უნდა გაირჩეს და ისინი დაჰყვებიან მთლიანად მოსახლეობის ნებას და ჩვენს მიმართვას, რომ დიახ, დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა უნდა იყოს ვაქცინაცია, რადგან ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და მეტ გადარჩენილ სიცოცხლესთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერები „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ბანერებით 17 სექტემბერს ჩაანაცვლეს. სარეკლამო კომპანია „ალმამ“ განმარტა, რომ არანაირი შეხება არ აქვთ სარეკლამო ბანერის შინაარსთან და დიზაინთან.

ამასთან, სარეკლამო კომპანია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი გამოყვეს, რითაც მაქსიმალურად შეუწყეს ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.

„აღნიშნული მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით. „ალმამ“ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად იქნა შენარჩუნებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები. ამას გარდა,

მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმამ“ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში „ალმას“ 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი სრულიად უსასყიდლოდ კვლავ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას“, – აცხადებს კომპანია.

მათივე განმარტებით, საჯაროში სივრცეში გავრცელებული 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო „ალმასა“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის, ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს. როგორ „ალმა“ აცხადებს, 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 20 აპრილისთვის სრულად შეასრულეს.

„რაც შეეხება ხელშეკრულების 18.2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, იგი ეხებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფლებას დადგენილი ვადის განმავლობაში (ანუ ამა წლის 31 დეკემბრამდე) მოეთხოვა სარეკლამო ვიზუალის დაბეჭდვა და მისი გაკვრა სარეკლამო კონსტრუქციებზე/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, და როგორც ზემოთაც ითქვა, ეს ვალდებულება ჩვენი კომპანიის მიერ დაუყონებლივ, ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის იქნა შესრულებული“, – ნათქვამია სარეკლამო კომპანიის განცხადებაში.

„ალმა“ მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო,  რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად მათზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]