„ეს საკითხი არ შეიძლება იქნეს ესე უბრალოდ დახურული, თუნდაც პოლიტიკურად, წინასაარჩევნოდ იყენებს ბევრი. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა კუჭავამ.
რაც შეეხება სხდომის ჩატარების დროს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, არჩევნებამდე, ზოგადად, რიგგარეშე სხდომები არ ტარდება: „ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება როგორც კი არჩევნები დასრულდება. სხდომის მოწვევა შეუძლია დეპუტატთა 1/4-ს. თვითონ ოპოზიციაც კი ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს, რაც, პირველ რიგში, იმას მიუთითებს, რომ ძირითადად ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში, რეგიონებში არიან დეპუტატები“.
კუჭავას თქმით, „თუ უკანონო მოსმენაა, ეს არის ყოვლად მიუღებელი, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება“.
13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.
გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.
ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.