დღევანდელი მონაცემებით, თვითიზოლაციაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 039 ადამიანი იმყოფება.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ეკიპირებით და ამომრჩევლებს მოემსახურებიან სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა 2 ოქტომბერს, 08:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.