weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ მრევლს ყველაფერი ვუთხრათ? – დეკანოზი ჯაღმაიძე

15:27 შაბათი, 25 სექტემბერი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების შესახებ ისაუბრა. მან ტელევიზიები გააკრიტიკა გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების გამო.

„ეს ტელევიზიები, რომლებმაც ახლა ძალიან მსუყე მასალა ჩაიგდეს იმისთვის, რომ ეთქვათ ყველაფერი, თუნდაც ვორდის ფაილზე დაყრდნობით, რის შეთხზვაშიც ბოლო პერიოდში ძალიან გაიწაფნენ, ისევ ის ტელევიზიებია, ისევ ის ხალხია და ისევ ის თემებია. კი, ცდილობენ იმის თქმას, რომ „უი, ეს რა დაემართა ეკლესიას?“, „ნახეთ, რა დაემართა? როგორ დამართა სახელმწიფომ ესეთი რამე?“, მაგრამ პირადი ცხოვრების დეტალების მთავარი გამხმოვანებლები ხდებიან თვითონ, თუკი ეს დადასტურდა ოდესმე, რომ ეს ავთენტური იყო. ზოგ შემთხვევაში შეიძლება დადასტურდეს, ზოგ შემთხვევაში - არა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გადაცემაში „გზაგასაყართან“.

მისივე თქმით, ტელევიზიები ძალიან მონოდმებული არიან, რომ ეკლესია პოლიტიკაში როგორღაც ჩართონ.

„დიდიხანია ეკლესიას ამ კუთხით სულ უტრიალებენ. ცდილობენ, ერთ მხარეს ჩამოაშორონ, მეორეს, მაშინ, როდესაც ეკლესია მუდმივად გაერთიანებისკენ ზრუნავს, თუმცა, თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ცილისწამება იქნება, შეიძლება შეკითხვა დავსვათ: მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ? მართლა გინდათ, რომ ჩვენ ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპაროკოთ? ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა, ტელევიზია თუ პოლიტკური დაჯგუფება - ამის მიხედვით მოვუწოდოთ ჩვენს მრევლს იმსჯელონ? თუ ეს დღის წესრიგში დგას მათთან, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და იქნებ ამაზეც იფიქრონ. წინასაარჩევნოდ რომ ხდება ეს ამბები, ესეც მინიშნებაა იმაზე, რომ ვიღაც ცდილობს, ეკლესიის ჩართვას საარჩევნო პროცესში. მემგონი, ვინც ეკლესიის დისკრედიტაციის კუთხით ცდილობს რომ ეს როგორღაც წარმოაჩინოს, თავს ძალიან ვნებს. რამდენად არის ეს მათთვის გონივრული გადაწყვეტილება, ეს ცალკე საკითხია.

ამ ტელევიზიების უკან ვინც დგას, მათ ვუსვამთ კიდევ ერთხელ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, თქვენს შესახებ რასაც ვფიქრობთ?

აი, შევხედავთ, რამდენიმე დღე კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, ეკლესია თუ უკვე მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს არჩევნებზე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს და საჭიროა ყურადღება, რა მიმართულებით წავა გამოძიება.

„თუ ამ მასალებიდან რაიმე გამომჟღავნდა, რაც საფუძველს იძლევა რომელიმე სასულიერო პირის მიმართ კომისიაზე განხილული იყოს მისი ზნეობრივი საკითხი, ამას მაქსიმალურად ყურადღებას მიაქცევს საპატრიარქოში შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნა დეკანოზმა.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.

ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]