ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა „პატრიოტიზმისთვის“ და სხვებსაც მოუწოდა, პატივი სცენ მათ. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან 17 წელია მეგობრობს.
„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. მე მინდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა მათი პატრიოტიზმისა და სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნისადმი. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და იმ თანამშრომლებს, რომლებიც მთელი 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მის სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა გადავუხადოთ მათ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა.
13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.
გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.
ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.