weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს

17:23 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021
ფოტოზე - ბაჩა მგელაძე და ნიკა გვარამია ფოტოზე - ბაჩა მგელაძე და ნიკა გვარამია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ რეკომენდაცია მისცეს.

„კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, ჩვენს მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, – განაცხადა მგელაძემ.

ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. ბაცა მგელაძის განცხადების შემდეგ მან „მთავარი არხის“ ეთერში საქმის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რის შესახებაც კონტრტეტორისტულ ცენტრს აცნობა.

„მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. ამის შემდეგ მე არცერთი შეკითხვა არ დამისვამს, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია სწორად კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას შეკითხვების დასმა, საკუთარ თავთან დაკავშირებითაც კი. მეტსაც გეტყვით, შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდა სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს. ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან.

უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. მივედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია.

ამის შემდეგ დაამატეს უცნაური რამ, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ და ჩემს საქმესთან კავშირში არ არის. ვკითხე - დასტურდება, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან? რამდენჯერმე გამიმეორეს, რომ უცხოეთის მოქალაქეები არიან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში და აღნიშნა, რომ „დაცვის ღონისძიება გაუორმაგეს“.

გვარამიას თქმით, გაოგნებულია იმით, რომ კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ შეკვეთილი მკვლელობის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრა.

„ახლა უკვე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ერთი თვის წინ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყოს სუს-ის მიერ. უკვე ველოდები იმას, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი. არავინ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ათქმევინებენ მათ“, – ამბობს გვარამია.

მისი თქმით, „არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]