weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით კეზერაშვილზე სარჩელი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ კამპანიის ნაწილია – „ფორმულა“

19:59 ხუთშაბათი, 30 სექტემბერი 2021

ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელები თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს არჩევნებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანი კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.

„ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძის თქმით, თავდაცვის სამინისტრო პოლიტიზირებული სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეყრდნობა და კეზერაშვილისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

„ბუნებრივია ეს ფაქტი უკავშირდება ტელეკომპანია „ფორმულას“ და არის ნაწილი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული კამპანიისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს უკანასკნელ პერიოდში და როგორც ჩანს, ეს ქმედებები უკვე ფინალურ ფაზაში შედის.

რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზები: მე მინდა გაგახსენოთ, რომ ორშაბათს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავიდა კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა „ფორმულასა“ და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში.

ბუნებრივია ეს ყველაფერი უკავშირდება მოახლოებული არჩევნების შემდგომი სცენარების განხილვას. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ კრიტიკული მედიები და მათი გაჩუმება. ფაქტობრივად, ბოლოში არის გასული ნიკა გვარამიას ქეისი, ბოლო კვირაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა ვატო წერეთელის მამის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რაც აჩენს ბუნებრივ ეჭვს, რომ თუ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის არ დადგება სასურველი შედეგი, ისინი განიხილავენ სცენარს, რომ ერთდროულად მოხდეს ამ სამივე კრიტიკული მედიის მაუწყებლობის შეფერხება ან გაჩერება და ამისთვის ისინი გამოიყენებენ ე.წ. სამართლებრივ ბერკეტებს. სინამდვილეში, საქმე, ბუნებრივია გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლება განიხილავს სცენარს იმისა, თუ როგორ შეიძლება წავიდეს ეს ქვეყანა რუსული ტიპის მმართველობისკენ და დაემშვიდობოს დემოკრატიას, რომლის ჯერ კიდევ ჩანასახები არსებობს“, – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

„ფორმულას“ დირექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოუწოდა, გაატარონ ყველანაირი პრევენციული ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს ზეწოლა ეგზიტპოლის ჩამტარებელ კომპანიაზე, მათ ამერიკელ თუ ქართველ თანამშრომლებზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შიტანა. სამინისტრო „დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის“ ანაზღაურებას ითხოვს.

სარჩელის წარგენას წინ უძღოდა ე.წ. წვრთნების საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გააუქმა და კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. რა წერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, უცნობია. დღეს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სამოტივაციო ნაწილი სასამართლოსგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.

„სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს „სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით“, კარგად იაზრებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]