საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩევლებმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. გარდა ამისა, სავალდებულოა პირბადის ტარება.
ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის – მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი. კენჭისყრა ფარულია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი 70 საარჩევნო უბანი. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 დამკვირვებელი, რომელთა შორისაც არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და საელჩოების წარმომადგენლები.