„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დამკვირვებლის რანგში. ვეწვიე რამდენიმე საარჩევნო უბანს მარნეულში. აქ გასულ ოქტომბერსაც ჩამოვედი. კარგია უკან დაბრუნება და იმის ნახვა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩეველი მოდის. ხალხი გამოსულია, ხმას აძლევს, ისინი საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან“, – განაცხადა ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ფუნდამენტურია ნამდვილი დემოკრატიისთვის. როგორც ელჩმა აღნიშნა, წინაასაარჩევნო პერიოდში აშშ-ის საელჩომ გამოთქვა შეშფოთება გარკვეულ ცნობებთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნო დარღვევებს, დაშინებას, ძალადობას შეეხებოდა.
„თუმცა კარგია, რომ პარტიის ლიდერები მოუწოდებენ მშვიდი და წყნარი გარემოსკენ, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება წყნარად და მშვიდობიანად მისცეს ხმა. ასევე ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ ზოგიერთმა დამკვირვებელმა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ ორგანიზაციას, არ იციან, რა არის კონკრეტულად მათი როლი საარჩევნოდ, ამ დაკვირვების პროცესში. ალბათ ესეც დაკავშირებულია ტრენინგის ნაკლებობასთან. საერთო ჯამში, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოვიდნენ საარჩევნო უბანზე, რეგულაციების დაცვით - ნიღბით და მისცენ ხმა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. მოქალაქეები მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევენ. 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 7.41% იყო, რაც რაოდენობრივად 259 273 ამომრჩეველია. ყველაზე დაბალი აქტივობა (6.1%) ქვემო ქართლში დაფიქსირდა.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია.