შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
„ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.