მანამდე, კორპუსთან წინ მდგარი და ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ავტომობილიდან წლისა და სამი თვის ბავშვი ამოიყვანეს. როგორც ექიმმა აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილია. მას ზედაპირული დაზიანებები და წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. ბავშვის მამის თქმით, ნანგრევებში დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდნენ.
26 მაისის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსი დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. სრულად ჩამოშლილია კორპუსის სადარბაზო. ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი. ადგილობრივების ნაწილის თქმით, ხუთსართულიან კორპუსს ორი სართული ბოლო წლებში უკანონოდ დააშენეს და სწორედ ამან გამოიწვია ნგრევა, ნაწილი კი ამბობს, რომ ნგრევამდე აფეთქების ხმა გაიგეს.
როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა, კორპუსი ავარიული არ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
„პირველადი ინფორმაციით საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე“, – აცხადებს შსს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.