ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალისა და კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო და 15-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც მოიყოლა.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა, რომ კორპუსი ავარიული არ იყო და ბოლო წლების განმავლობაში მასზე დაშენება არ განხორციელებულა.
დღის განმავლობაში ადგილობრივები მედიასთან აცხადებდნენ, რომ ხუთსართულიან კორპუსზე ორი სართული უკანონოდ იყო დაშენებული, რასაც, მათი აზრით, შესაძლოა ნგრევა გამოეწვია. ნგრევის გამომწვევ კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად ასახელებენ პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც, გაფართოების მიზნით საყრდენი კედელი დაანგრიეს.
„ჩვენი ინფორმაციით, ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება საყრდენი კედლის გამოცლა იყო მიზეზი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ დადგინდება, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.