შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზაურ ბუდატოვმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.
„ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია“, – აცხადებენ შსს-ში.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი.
როგორც შსს აცხადებენ, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.