„ჩვენი ინფორმაციით, რაც ვიმუშავეთ, თითქმის უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამ ადამიანს ვეძებთ. მეტი არ უნდა იყოს, წესით, რაც ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს“, – განაცხადა გომელაურმა ჟურნალისტებთან.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო და 15-მდე ადამიანი, მათ შორის, ბავშვებიც მოიყოლა.
ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამასთან, ნანგრევებში იპოვეს 5 ადამიანის ცხედარი, მათ შორის, სამი ბავშვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.