weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

12:12 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021
ფოტო: Sofia Jgenti ფოტო: Sofia Jgenti

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამივე ბრალდებულს – პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეს, ზაურ ბუდატოვს და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებულ ორ ადამიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 4-8 ოქტომბრის პერიოდში დაქირავებულმა პირებმა ბინის მესაკუთრესთან შეთანხმებით, სახელმწიფოსგან გაცემული ნებართვის გარეშე, სამშენებლო და საინჟინრო წესების სრული დარღვევით, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები.

„მათ საცხოვრებელ სახლში მოშალეს არამზიდი და მზიდი კედლები. აღნიშნულმა გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა.

საქმის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნა არ არის, თუმცა ის, რომ ბრალდებულებმა თვითნებურად განახორციელეს როგორც არამზიდი, ისე მზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება ბრალდებულთა გამოკითხის ოქმებით, ასევე მეზობელთა ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ დაინახეს, რომ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში სრულად იყო მოშლილი კედლები.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, დილის საათებში, როდესაც ბრალდებულები მივიდნენ აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად, მათ შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდათ დაწყებული. მათ სცადეს ამ კედლების გამგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“, – განაცხადა პროკურორმა.

დაკავებული მუშების ადვოკატის განცხადებით, არ არის გარკვეული, რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა. ამასთან, მან ჟურნალისტებთან თქვა: „მუშა მეუბნება: მიმითითა დამკვეთმა - ეს კედელი გამიტეხე. დავიწყე ამ კედლის გატეხვა და მეორე დღეს ვეღარ გავაღეთ კარი და ჩამოიშალა შენობა“.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სულ 10 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი შაბათს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

9 დაღუპული ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია: დედა, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი და მაზლი. გარდაცვლილთა შორის არის კიდევ ერთი ბავშვი და მისი დედა.

პროკურატურამ სამივე დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]