„რა თქმა უნდა, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ნამდვილად კარგი არ გახლავთ. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში, როგორც წესი და თუ არსებობს რაიმე ბრალდებები რაღაც დანაშაულზე და ა.შ., ეს ბრალდებები უნდა იყოს გამოძიებული ევროპული ტიპის სამართლებრივი სისტემის მიერ.
სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება წამოყენებული იმდენი ბრალდება, რამდენის საჭიროა, რომ ის ციხეში იყოს, ცხადყოფს, რომ საქართველოში ძნელია გქონდეს მოლოდინი ევროპული ტიპის სამართალზე და პოლიტიკური მოტივებით ხდება გადაწყვეტილების მიღება.
პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მიუღებელი. ეს გვანახებს, თუ რამდენად სჭირდება საქართველოს სამართლებრივ სისტემას რეფორმა“, – განაცხადა კუბილიუსმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ არ იცნობს ბრალდებებს, რომლებიც სააკაშვილის იმართ ადრე იყო წაყენებული, მაგრამ ყველა ბრალდება დემოკრატიულ ქვეყანაში გამოძიებული უნდა იყოს არაპოლიტიზირებული სასამართლო სისტემის მიერ.
„როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზირებულია და პრემიერი აცხადებს, ახალ ბრალდებებს წავუყენებთო, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზირებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიზირებული სამართალი გამოიყენება ისეთი ქვეყნების მიერ, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
3 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი „წესიერად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ“.