weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სათემო რადიო „მარნეულმა“ FM 96.9–ზე მაუწყებლობა დაიწყო

22:23 შაბათი, 02 სექტემბერი 2017

სათემო რადიო „მარნეულმა“ დღეს პირველად დაიწყო მაუწყებლობა FM 96.6–ზე. რადიოს სიგნალი ქალაქ მარნეულში და გარშემო, 8–ზე მეტ სოფელში ვრცელდება. FM სიხშირეზე სათემო რადიოს მოსმენა 100 ათასამდე ადამიანს შეუძლია. მათ შორის დაახლოებით 80% ეთნიკური აზერბაიჯანელია, 10% კი ქართველი.

რადიო „მარნეულის“ დირექტორი კამილა მამედოვა ამბობს, რომ 4 სექტემბრიდან, ორშაბათიდან, მსმენელი, პირველ ეტაპზე დღეში ორჯერ, 12:00 და 15:00 საათზე შეძლებს საინფორმაციო გამოშვების მოსმენას. ახალი ამბები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდება. სათემო რადიოსთვის პრიორიტეტულია მსმენელს ინფორმაცია მიაწოდოს მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლის რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ, თუმცა ჟურნალისტების ყურადღების მიღმა არც საქართველოს სხვა რეგიონებში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები დარჩება.

„რადიოში ამჟამად 13 ადამიანი ვართ. აქედან, 8 ჟურნალისტი. საინფორმაციო გამოშვების გარდა გვექნება გადაცემები ქალთა უფლებებზე, სადაც ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფით მხარეებზე, ტრადიციებზე. ასევე, ჩვენი ერთ–ერთი თანამშრომელი ამზადებს გადაცემას სტუდენტური ცხოვრების შესახებ. გვექნება დილის გადაცემაც. მაქსიმალურად შევეცდებით, თვითმმართველობის არჩევნებამდე თოქ–შოუს მომზადებაც შევძლოთ და ადგილობრივი არჩევნები ამ ფორმატშიც გავაშუქოთ. ისევე როგორც ახალი ამბები, გადაცემებიც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდება. ენობრივი ბარიერის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება, ეს უნდა გავხსნათ და ამბები მათთვის გასაგებად, მარტივად მოვუყვეთ.

სათემო რადიო არის ალტერნატიული სივრცე ადგილობრივი მსმენელისთვის საიდანაც ის იღებს ინფორმაციას და რომლის საშუალებითაც თავის ამბავს სხვებს უყვება, – აღნიშნავს კამილა მამედოვა.

რადიო „მარნეული“ ეთერში 24 საათის განმავლობაში იქნება და გადაცემების გარდა საეთერო ბადეს ქართული, ინგლისური და აზერბაიჯანული მუსიკით შეავსებს.

რადიო „მარნეული“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ამერიკული ორგანიზაცია NED–ის მხარდაჭერით მუშაობს. კონტენტის წარმოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში მას IREX–ის ტრენერებიც ეხმარებიან.

საქართველოში FM სიხშირეზე უკვე სამი სათემო რადიო მაუწყებლობს. სამცხე–ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში FM 100.1–ზე მუშაობს რადიო „ნორი“, რომელიც პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში. 2016 წლის იანვარში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა პანკისის სათემო რადიო WAY, რომელმაც FM 101.1–ზე მაუწყებლობა იმავე წლის სექტემბერში დაიწყო. მესამე სათემო რადიოსადგური „მარნეულია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]