weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხანძარმა 70–მდე ჰექტარი მოიცვა ართანას ტყეში, 15 ჰექტარი თუშეთში

11:48 კვირა, 03 სექტემბერი 2017

თელავის რაიონში, სოფელ ართანას ტყეში, ცეცხლმა დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან კი ხანძარი 15–17 ჰექტარზეა. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებზე ან საქონლის ბინებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

„ართანას ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამი ვერტმფრენია ჩართული, ორი ირანიდან გამოგზავნილი და ერთი ქართული. დილიდან მიმდინარეობს ცეცხლის კერებზე წყლის დასხმა. მაშველები და რეინჯერები არიან მობილიზებული როგორც ტყეში, ასევე ალპურ ზონაში და ცეცხლმაქრებით ცდილობენ შეზღუდონ ცეცხლის გავრცელება“, – უთხრა „რეგინფოს“ კახეთის გუბერნატორმა.

თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, ართანას ტერიტორიაზე ხანძარმა დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, აქედან უმეტესი ტყის მასივია, მცირე ნაწილი კი ალპური ზონა. „მიუდგომელი ადგილია. გზები არ არის და სახანძრო მანქანები ვერ შეგვყავს. ტყეში ძირითადად ხმელი ფოთოლი, მიწაზე დაყრილი ტოტები და ხმელი ხეები იწვის, თუმცა ეს ჯანსაღ ხეებსაც აზიანებს“, – განაცხადა თელავის გამგებელმა.

კახეთის გუბერნატორის ცნობით, ცეცხლის გავრცელების შეზღუდვას ერთი ვერტმფრენი ცდილობს თუშეთში, სადაც სოფელ ხახაბოსთან ტყე იწვის. „დილიდან, ბარიდან მთაში ვერტმფრენმა მაშველები და რეინჯერები გადაიყვანა, დაახლოებით 100 კაცი მუშაობს თუშეთში. ვცდილობთ, ცეცხლი დავიმორჩილოთ, თუმცა წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია. დასახლებულ პუნქტებს ან მეცხვარეების ბინებს ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – ამბობს გუბერნატორი, რომელიც კახეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია ყვარლის რაიონის სოფელ შილდასთან, ასევე თელავის რაიონის სოფელ ფშაველის მიმდებარედ ალპურ ზონაში, სადაც ცეცხლი ხმელ ბალახს ეკიდა. გუბერნატორის ცნობით, შილდას ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული მაშველი მუშაობს, ცეცხლი ბოლომდე რომ ჩააქრონ.

ცეცხლი ართანას ტყეში, თუშეთსა და შილდას ტერიტორიაზე გუშინ გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]