ქალის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. როგორც იურისტმა ალექსი მერებაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, გამტაცებელი და ახალგაზრდა ქალი წარსულში შეყვარებულები იყვენენ, შემდეგ დაშორდნენ და ქალი სხვაზე დაინიშნა. ის ყოფილმა შეყვარებულმა ნიშნობის მეორე დღეს, სახლიდან გაიყვანა, ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და გაიტაცა.
ყოფილი შეყვარებული ქალს სთხოვდა, ცოლად მას გაჰყოლოდა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასზე და მის ოჯახის წევრებზე ძალადობით ემუქრებოდა.
„ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩამსვეს მანქანაში და გამიტაცეს. უფრო მეტად შურისძიების მოტივი იყო, რომ ბედნიერი არ ვყოფილიყავი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემეხო ხელი, მითხრა, რომ ცხოვრებას დამინგრევდა და ჩემს პატარა ძმას მოკლავდა“, – ამბობს ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ მუხლით არის დაკავებული ერთი პირი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 9 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული. იურისტი ალექსი მერებაშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაული გენდერული ნიშნით იქნა ჩადენილი და პროკურატურამ ეს დამამძიმებელ გარემოებად უნდა გამოკვეთოს.
ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ „მოტაცების ფაქტს ადგილი არ ჰქონია“ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.