„ნოემბერი იქნება საკმაოდ რთული, დამერწმუნეთ. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი წინასწარმეტყველება მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ. ამ ტიპის ნიშნულიდან არ დაწყებულა არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ტალღები. ახლა უფრო მძაფრად მიდის.
ეს „დელტა“ შტამი საკმაოდ აგრესიული გამოდგა, მერე, ნოემბერი სხვადასხვა რესპირაციული ვირუსების სეზონია - უკვე დაიწყება გრიპი, სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსების ცირკულაცია ქვეყანაში. რთული იქნება დიფერენციალური დიაგნოსტიკა, რადგან მათი კლინიკური სურათი ჰგავს კოვიდს, უნდა გავზარდოთ ტესტირების მაჩვენებელი, რომ მოხდეს დიფერენციაცია კოვიდსა და რესპირაციულ ვირუსებს შორის. აუცილებელი იქნება, პარალელურად გრიპზეც აცრა, იმიტომ, რომ არამგონია წელს გრიპის სეზონი ისეთივე მსუბუქი იყოს, როგორც შარშან “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 56 555 ტესტის შედეგად, კორონავირუსი კიდევ 5739 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში 36 ინფიცირებული გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 44 043 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5570 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. 1257 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი, ხოლო სრულად – 902 660, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ს შეადგენს. 18 ოქტომბერს 6203 ადამიანი აიცრა.