weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საკრებულოს სიის ყოველ სამეულში მამაკაცის შეყვანის სავალდებულოობა გაუქმდა

12:16 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენდა, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა ყოფილიყო მამაკაცი, ხოლო თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრ მამაკაცს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდებოდა, მისი ადგილმონაცვლე სიაში მყოფი მომდევნო მამაკაცი უნდა გამხდარიყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „ევროპული საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ქალების ჩასმის სავალდებულოობის გაუქმებას ეხებოდა, არსებითად განსახილველად არ მიიღო. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია პარტიის არგუმენტაცია ქალთა სასარგებლოდ დაწესებული კვოტირების არაკონსტიტუციურობაზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, უკვე იმსჯელა პარტიულ სიებში კვოტირების საკითხზე: არაკონსტიტუციურად ცნო კვოტირების შედეგად პარტიულ სიებში მამაკაცების სავალდებულოდ გათვალისწინების მოთხოვნა, ხოლო სიებში ქალების სავალდებულოობა საარჩევნო უფლების გამართლებულ შეზღუდვად მიიჩნია. 

ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის დადგენილი სავალდებულო კვოტირების სისტემის კონსტიტუციურობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოც არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კომპლექტდება პირდაპირი არჩევის წესით.

„განსახილველ საქმეში „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტი, მათ შორის, ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა, საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებს. ამასთან, ნაცვლად ყოველ ოთხეულში ერთი მამაკაცი კანდიდატისა, სავალდებულოა ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მამაკაცის წარდგენა. სწორედ ეს ორი ფაქტორი განასხვავებს განსახილველ საქმეში გასაჩივრებულ სადავო ნორმას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულირებისგან“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, როგორც მამაკაცის სავალდებულო წესით პარტიულ სიაში შეყვანა არ ემსახურება ქალთა წარმომადგენლობის ზრდას, ზუსტად ასევე არ ემსახურება აღნიშნულ ლეგიტიმურ ინტერესს გამოთავისუფლებული საკრებულოს მანდატის აუცილებლად მამაკაცის მიერ ათვისების ვალდებულების დაწესება.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს, გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]