weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში არ უნდა გადაიყვანონ

11:22 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის ციხესთან მდებარე საავადმყოფო, რომელიც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არ არის.

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 24 ოქტომბერს შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

„დასკვნაში საუბარია კონკრეტულ სამედიცინო ინტერვენციებზე და ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, სადაც აღნიშნული დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.

N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები.

თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

გარდა სამედიცინო სერვისისა, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა ის პალატა, რომელშიც, N18 დაწესებულებაში ეტაპირების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განთავსება იგეგმება.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, მათი ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ თავიდან უნდა აიცილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება პატიმრის უფლებების დარღვევა.

„მონიტორინგისას შემოწმდა ყველა ის ადგილმდებარეობა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეიძლება მოუხდეს ყოფნა/გადაადგილება (დაწესებულებაში განთავსებისას, საცხოვრებელ პალატაში ყოფნისას, ადვოკატებთან თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, სეირნობის უფლებით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო/ჰიგიენური პროცედურებისას) და დადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებობს რისკები.

ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების რისკები. 2015 წელს დაფიქსირდა მსგავსი ინციდენტი N8 დაწესებულებაში.

ინაიდან N18 დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია N8 დაწესებულების ეზოს გავლა, ხოლო თავად N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსების გვერდით, მიგვაჩნია, რომ არსებობს ამ ორი დაწესებულების დეზორგანიზებისა და პატიმართა უსაფრთხოების რისკები.

ეს საფრთხეები ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების პატიმართა და თანამშრომელთა სიმშვიდეს, დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებასა და წესრიგს, რაც ყველა პატიმრის მდგომარეობაზე აისახება.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]