weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარაში „შუახევი ჰესის“ გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა

16:12 კვირა, 03 სექტემბერი 2017

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში „შუახევი ჰესის“ კაშხალთან დამაკავშირებელი გვირაბის ნაწილი ჩამოიშალა. „აჭარის ტელევიზია“ სოფელ მახალაკიძეების მცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გვირაბის 700 მეტრიანი მონაკვეთი წყლით ავსებამდე ჩამოინგრა.

გვირაბი ორი თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს. „გვირაბი იმ ტერიტორიაზე ჩამოინგრა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ხალხი ითხოვს უსაფრთხოებას. „აჭარისწყალი ჯორჯია“ უნდა ჩაერთოს საქმეში და ხალხი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანონ, ან იმის გარანტია მოგვცენ, რომ ჩვენ არაფერი მოგვივა. მაშინ გვპირდებოდნენ, რომ გვირაბის მშენებლობის შემდეგ წყალი არ დაშრებოდა, ქვათაცვენა და მეწყერული პროცესები არ უნდა გახშირებულიყო“, - ამბობს მიხეილ ბერიძე.

ადგილობრივების ცნობით, მიმდებარე სოფლები იმდენად დატენიანდა, რომ მეწყრული საშიშროება კრიტიკულია და მოსახლეობა იძულებულია სოფლები დაცალოს და გადასახლდნენ.

2014 წელს გაფორმებული მემორანდუმით, 22 ოჯახს დაპირდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფელში წყალი დაშრებოდა, მათ 6 თვის განმავლობაში წყალს გაუყვანდნენ, სახლების დაზიანების შემთხვევაში კი მათი განსახლება მოხდებოდა.

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ წყლის დაშრობა, ქვათაცვენა და სხვა პროცესები ჰესის მშენებლობამდეც ვითარდებოდა.

მახალაკიძეების მცხოვრებლების თქმით, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევების ჩატარების მოთხოვნით აქცია 25-ჯერ გამართეს. მათი თქმით, ამ ადგილებზე ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა, რადგან 1971 და 1989 წელს, ტერიტორია ორჯერ დაიმეწყრა, მეორედ მთელი სოფელი დაანგრია და 50–მდე ადამიანი იმსხვერპლა.

„შუახევი ჰესის“  მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2017 წლის ივნისში დასრულდა. პროექტის მშენებლობა ინდურ Tata Power-ისა და ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებულმა ერთობლივმა საწარმომ „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ განახორციელა.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ განმარტებით, „სხალთა-დიდაჭარის“ გადამცემი გვირაბის ჩამოშლის მიზეზებს მათი ტექნიკური გუნდი, კონსულტანტებთან და ექსპერტებთან ერთად იკვლევს.

„გვირაბის ეს მონაკვეთი დიდაჭარის წყალსაცავთან ახლოს, გვირაბის გამოსასვლელიდან 170 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ჩაკეტილი მონაკვეთის გასწვრივ არ მდებარეობს საცხოვრებელი სახლები. გვირაბი ღრმად მიწის ქანებში გადის და ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გვირაბის მცირე მონაკვეთის ჩამოშლა არ შეაფერხებს „შუახევი ჰესის“ მუშაობას, რომელიც უკვე მზადაა კომერციული ოპერირებისთვის.

პროექტის ფარგლებში მდინარებზე - აჭარისწყალზე, სხალთასა და ჩირუხისწყალზე ორი კაშხალი აშენდა. წყლის მიწოდება გვირაბების საშუალებით ხდება. „შუახევი ჰესის“ გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]