„მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იქნეს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე და მოხდეს მისთვის განმარტება. სწორედ ეს არის დემოკრატია, არანაირი დაპირისპირება არაა. საკითხს ერთპიროვნულად არავინ წყვეტს, ვმსჯელობთ საბჭოზე და ვიღებთ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში ჯერ ადრეა „კოვიდ 19“-ის პანდემიის მეხუთე ტალღაზე საუბარი, ის მოგვიანებით არის მოსალოდნელი და „წესით, გაცილებით უფრო მსუბუქი უნდა იყოს“.
„ჩვენ გაგვაჩნია როგორც იმუნური ფენა იმ პაციენტების და იმ მოქალაქეების, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია. ასევე გაგვაჩნია მილიონამდე ორივე დოზით აცრილი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ტალღა წესით უნდა იყოს გაცილებით უფრო მსუბუქი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვანი რჩება რეგულაციების დაცვა და პირბადის გამოყენება“, – აღნიშნა ტიკარაძე.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 46 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირება კი 1942-ს დაუდასტურდა. გუშინ, 24 ოქტომბერს, მხოლოდ 1877 ადამიანი აიცრა.