დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4762 ახალი შემთხვევა დაახლოებით 1000 ერთეულით ნაკლებია წინა სამშაბათთან შედარებით.
„მაგრამ, ზოგადად, როგორც ერთი კვირის, ისე ორი კვირის ინციდენტობა ქვეყანაში გაზრდილია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქვეყანაში, კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა გულსისხლძარღვთა დაავადებებს, დღეს უკვე მან გადაინაცვლა მეორე ადგილზე, თუმცა, ჩვენთვის, მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის ზღვრული მონაცემი არის 8-9. ის 43 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმეა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1523 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 933
კახეთი – 658
შიდა ქართლი – 378
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 378
ქვემო ქართლი – 273
აჭარა – 179
მცხეთა-მთიანეთი – 166
გურია – 116
სამცხე-ჯავახეთი – 103
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55
ამ ეტაპზე, ინფიცირების 49 523 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 42 362 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1530 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი;
- 975 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირების 698 944 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 639 564 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 9831 ადამიანი ემსხვერპლა.