weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

13:26 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია ,,აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. ხოლო მეფრინველეობის დარგში თიბისი კომპანია ,,ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თიბისი სტარტაპებს 2016 წლიდან აფინანსებს და ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. თუმცა, აქამდე დაფინანსებას მხოლოდ ის პირები იღებდნენ, ვისაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ახალი პროექტი კი კარგი შესაძლებლობა დამწყებთათვის, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, წამოიწყონ აგრობიზნესი.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით დარგები, სადაც გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა და დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ასეთია მეხილეობა და მეხორცული მეფრინველეობა. გადავწყვიტეთ ამ მიმართულებების განვითარების მიზნით დავეხმაროთ დამწყებ ფერმერებს. ერთის მხრივ, მათ ფინანსურ რესურსს გამოვუყოფთ, მეორე მხრივ, კი დავაკავშირებთ დარგის გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც მთელი საქმიანობის განმავლობაში მათ კურატორობას გაუწევენ. ფერმერს დაეხმარებიან ტექნოლოგიური პროცესის სწორად აღქმაში, დაუმუშავებენ ხარჯთაღრიცხვას და მიაწვდიან წარმოების საშუალებებს. განუსაზღვრავენ მოვლის პროცესში აგროტექნოლოგიური ღონისძიებები რა ვადებში უნდა განახორციელონ და ა.შ. მენტორები თავიდან ბოლომდე დაუგეგმავენ საწარმოო პროცესს და ინფორმაციულად დაეხმარებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ვეტერინარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში“, - ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.

პროექტი ითვალისწინებს ისეთი ხეხილის კულტურების თანამედროვე სტანდარტებით გაშენებას, რომელთა მოყვანა საქართველოში წარმატებითაა შესაძლებელი, ესენია: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ბალი და გარგარი. მიზანი კი ისაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღების გაშენებაში დაეხმაროს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მაღალი ხარისხის, ადგილობრივი პროდუქტებით მოამარაგონ და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ.

ფინანსური რესურსი, რომელსაც თიბისი ფერმერებს სთავაზობს 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე მერყეობს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 10 წელს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეხილეობის ნაწილი შესაძლებელია მთლიანად დაფინანსდეს სახელმწიფო პროგრამის ,,შეღავათიან აგროკრედიტის“ ფარგლებში, რომელიც ძირითად საშუალებებს სრულად აფინანსებს, რაც მოიცავს ბაღების გაშენების და მოვლის ხარჯებს კომერციულ მსხმოიარობამდე (ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების დარგვა, სარწყავი სისტემები და მოვლა), შესაბამისად მსესხებელს თანამონაწილეობა არ მოეთხოვება.

მეფრინველეობის შემთხვევაში კი, თიბისი საპროგნოზო შემოსავლებს ეყრდნობა და ფერმერთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავს პროექტებს. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კალკულაცია, რაში დახარჯავს ფინანსურ რესურსს და მას საპროგნოზო შემოსავლებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. ძირითადი საშუალებების დაფინანსება აქაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში მოხდება, სახელმწიფო ფერმერს ოთხი წლის განმავლობაში დაუფინანსებს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს წლიური 11%-ის ოდენობით.

თიბისის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებას. პროექტში ჩართვა ფერმერებს ცხოვრებას გაუმარტივებს, მათ ექნებათ მეტი მხარდაჭერა და მოტივაცია, რომ ის აგრობიზნესი წამოიწყონ, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]