weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართველი ექიმები სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ

12:10 ხუთშაბათი, 28 ოქტომბერი 2021

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველმა საბჭომ განცხადება გაავრცელა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.

განცხადების ხელმომწერები, რომელთა შორის, რევაზ ბოჭორიშვილი, მაია ბუწაშვილი, ზურაბ გურული და ბიძინა კულუმბეკოვი არიან, ხაზს უსვამენ იმ სამედიცინო რისკებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას უკავშირდება.

ექიმები აღნიშნავენ, რომ პატიმარი პროტესტის ექსტრემალურ ფორმას, შიმშილობას მიმართავს, ხოლო მისი პირადი ექიმის ინფორმაციით, მას ანამნეზში აღენიშნება სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება – თალასემია (საშუალო სიმძიმის) და ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგია – ჟილბერის სინდრომი (Gilbert’s syndrome).

„სამედიცინო რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება:

  1. შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა.
  2. სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზირებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს.
  3. ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა).

ეს არის იმ შესაძლო მულტიორგანული გართულებების მოკლე ჩამონათვალი, რაც შეიძლება განუვითარდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მულტიორგანულ გართულებებს კი მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება. მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით და სადაც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევა), ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევები და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები“, – ნათქვამია ექიმების განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ გასულ წელს პენიტენციალური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში 585 პატიმარი გადაიყვანეს, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცენდენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

„ხაზს ვუსვმათ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს; სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება“, – ნათქვამია ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: სოფიო ბერიძე, რევაზ ბოჭორიშვილი, მაია ბუწაშვილი, ზურაბ გურული, ნინო ისაკაძე, გიორგი კავკასიძე, ვახტანგ კალოიანი, გიორგი კამკამიძე, ბიძინა კულუმბეკოვი, არჩილ მარშანია, მამუკა მაჩაიძე, დავით მრელაშვილი, ანი ქავთარაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გრიგოლ ხურციძე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]