ზაზა მელიქიშვილის მამის თქმით, აქამდე შეშის მოჭრის გამო პრობლემა არ შექმნიათ.
„არც არავის ვყავდით გაფრთხილებულები, რომ საშიში იყო მანდ ყოფნა. ვიყავით შეშაზე წასულები. უცბად, მომესმა ჩემი ბიჭის ხმა - არ ისროლოთო. ეგ ორი ბიჭი წაიყვანეს, ჩვენ მოვასწარით წამოსვლა“, – განაცხადა ზაზა მელიქიშვილის მამა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებას სამნი გადაურჩნენ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად.
უწყებისვე ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს.