როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.
„არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 1830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 29 სპეციალური უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება“, – განაცხადა იოსელიანმა.
ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია მისცემს.
„ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.