weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან 5 პირი დააკავეს

14:54 შაბათი, 30 ოქტომბერი 2021
Livepress-ის ფოტო Livepress-ის ფოტო

N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-20 საარჩევნო უბნის სიახლოვეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსიაც, რომლებიც იქ დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. ამასთან, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მე-20 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. გიორგი მუმლაძემ, რომელიც არჩევნებს ორგანიზაციიდან „აჭარის განვითარების ცენტრი“ აკვირდებოდა, დაკავებამდე გამოცემა „ლაივპრესთან“ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, დილით, უბანზე დაუპირისპირდნენ და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყეს დამკვირვებელ ბექა პაპაშვილს, რომელმაც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინა. მუმლაძის განცხადებით, ამ დაპირისპირების ფონზე, მას ყვირილით და შეურაცხყოფით „მიუვარდა ათამდე მოკრიმინალო ელემენტი“ .

„ჩემს გვართან ჰქონდათ პრობლემა. აქ რატომ ხარო - მეუბნებოდნენ. მეგრული გვარი რომ არ მაქვს, ამიტომ გაუჩნდათ პრეტენზია. ვუთხარი, რომ მარნეულიდან ვიყავი და აქ რა გინდაო. ეს არის სეპარატიზმის გაღვივება კონკრეტული ჯგუფის მიერ“, – ციტირებს მუმლაძის განცხადებას „ლაივპრესი“.

მუმლაძის თქმით, ამ ინციდენტიდან ნახევარ საათში მასთან მივიდა „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, „დაუწყო ყვირილი“ ბრალდებით, რომ ის ადგილობრივებს სეპარატიზმში ადანაშაულებდა. გიორგი მუმლაძის თქმით, ამის შემდეგ მას ფიზიკურად 30-მდე ადამიანი გაუსწორდა.

პოლიციის მანქანაში გიორგი მუმლაძე და  ნიკა ნარსია ძალის გამოყენებით ჩასვეს.

მე-20 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ ჩიქოვანიც მივიდა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები „ხელოვნურ დაძაბულობებს“ ქმნიან. ჩიქოვანის თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს და არცერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]