weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდად ჩაიარა და კარგად იყო ადმინისტრირებული – ეუთო/ოდირი

18:11 კვირა, 31 ოქტომბერი 2021

„მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ უწყვეტმა პოლარიზაციამ და ნეგატიური რიტორიკის გამწვავებამ პროცესზე უარყოფითად იმოქმედა“, – აცხადებს არჩევნების მეორე ტურის შესახებ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია.

სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი დასკვნები დღეს წარადგინა. დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნების დღემ მთლიანობაში მშვიდად ჩაიარა და კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო უბნების გარეთ პარტიების მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისა და ორმხრივი პროვოკაციების ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა.

„დაკვირვების არეალში არსებული 480 საარჩევნო უბნის 97%-ში ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა. კოვიდრეგულაციები ზოგადად დაცული იყო, მაგრამ დაკვირვების არეალში არსებული საარჩევნო უბნების დაახლოებით 15%-ში შეინიშნებოდა ხალხმრავლობა, რამაც ფიზიკური დისტანციის დაცვის შესახებ წესების აღსრულება გაართულა.

დაკვირვების არეალში არსებული საარჩევნო უბნების დაახლოებით 63% ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამოუკიდებლად ხელმისაწვდომი არ იყო.

სამოქალაქო დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ მონახულებული უბნების 96%-ში, თუმცა საარჩევნო უბნების 53%-ში სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად დარეგისტრირებული ან მედიის წარმომადგენლად აკრედიტირებული პირები დე ფაქტო საარჩევნო სუბიექტების ინტერესებს წარმოადგენდნენ და ზოგჯერ პროცესში ერეოდნენ“, – აცხადებს ეუთო/ოდირი.

დამკვირვებლების შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა კენჭისყრის პროცედურები სათანადოდ დაიცვეს, გარდა მცირე გამონაკლისებისა, რომლებიც უმეტესად შეეხებოდა მარკირებას ან მარკირების კვალის შემოწმებას, ამომრჩევლებს კი ბიულეტენის ფარულად შემოხაზვა შეეძლოთ.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, რომელთა მიხედვითაც საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის პერიმეტრში შეკრებები აიკრძალა, მათ მიერ მონახულებული საარჩევნო უბნების 29%-ში, დროდადრო შეიმჩნეოდა ცალკეულ პირთა ჯგუფების დამაშინებელი ყოფნა უშუალოდ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ამომრჩეველთა აღრიცხვა მონახულებული საარჩევნო უბნების დაახლოებით 9%-ში დაფიქსირდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი მიიღეს ცნობები ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევების შესახებ. მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე საარჩევნო უბანში ან უბნის სიახლოვეს დაძაბული ვითარების შესახებ, რაც მოიცავდა ორი ძირითადი პარტიის მხარდამჭერთა შორის დაპირისპირებას და ჟურნალისტების, დამკვირვებლების, ამომრჩევლების და კანდიდატების მიმართ გამოთქმულ მუქარებსა და მათზე თავდასხმის ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ დაიწყო რვა გამოძიება, მათ შორის თბილისში საარჩევნო უბნის გარეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატზე თავდასხმის ფაქტზე, ფიზიკური თავდასხმების შესახებ ზუგდიდსა და ქარელში და ერთერთი კანდიდატის წინააღმდეგ მიმართული სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებში.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა 52 საარჩევნო უბნიდან 48 უბანში ხმების დათვლის პროცესი დადებითად შეაფასეს.

„საარჩევნო სუბიექტებისა და სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც საერთაშორისო მისიის დამკვირვებლები ხმების დათვლის პროცესს დააკვირდნენ. თუმცა მათი დაკვირვებით 6 უბანზე ისინი პროცესში ერეოდნენ.

ხმების დათვლის პროცედურების დაცვა პირველ ტურთან შედარებით მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა და კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული ხარვეზი. კერძოდ, 9 შემთხვევაში საარჩევნო ყუთების გახსნამდე ხელმოწერების რაოდენობა არ იყო სათანადოდ ჩაწერილი სადემონსტრაციო ოქმში, გამოუყენებელი ბიულეტენები არ გაბათილდა დამკვირვებელთა დაკვირვების არეალში მოქცეულ 5 საარჩევნო უბანზე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონახულებულ უბანზე მიცემული ხმები ხმამაღლა ამოიკითხეს და შესაბამის კანდიდატებს მიაწერეს, რასაც დამკვირვებლები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები თვალნათლივ ხედავდნენ, 7 მათგანში საეჭვო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხზე გადაწყვეტილება თავმჯდომარემ გამოიტანა კომისიის წევრთა მიერ კენჭისყრის ნაცვლად, რაც ეწინააღმდეგება პროცედურებით გათვალისწინებულ წესს.

მონახულებულ 4 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს კვლავ გაუჭირდათ ოქმების შევსება. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლება მიიღეს საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები, 18 საარჩევნო უბანზე ისინი თვალსაჩინოდ არ გამოიკრა, რაც პროცედურით გათვალისწინებული წესის დარღვევაა“, – ვკითხულობთ ეუთო/ოდირის შეფასებაში.

სადამკვირვებლო მისია ყოვლისმომცველ საბოლოო ანგარიშს, რომელშიც მოცემული იქნება რეკომენდაციები საარჩევნო პროცესის პოტენციური გაუმჯობესების გზების შესახებ, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით რვა კვირაში გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]