პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებული მასაჟის სალონში იქ დასაქმებულების მკვლელობის განზრახვით მივიდა, თუმცა სასიკვდილო ჭრილობები იმ პირს მიაყენა, ვინც კარში პირველი შეხვდა.
„ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მას უბრალოდ, უნდოდა ნებისმიერი იმ პირის მკვლელობა, ვინც დაწესებულებაში იმყოფებოდა კონკრეტულ დღეს. პირველი ვინც შეხვდა, იყო გარდაცვლილი და მიაყენა მას დაზიანებები.
ის ნამყოფი იყო ამ დაწესებულებაში და ამ ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირების მიმართ განეხორციელებინა მსგავსი ქმედებები. სწორედ ამ მიზნით მივიდა შემთხვევის ადგილზე კონკრეტულ დღეს“, – განაცხადა პროკურორმა.
სასიკვდილოდ დაჭრილი 38 წლის ტრანსგენდერი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, ვაჩე ცაკაშვილმა, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერსაც, თუმცა „ვერ შეძლო მასაჟის სალონში დასაქმებული თანამშრომლების მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა“.
სამართალდამცავებმა 23 წლის მამაკაცი პირველ ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.