weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის მოსამართლე მამუკა წიკლაური ელჩების კრიტიკაზე განცხადებას გაემიჯნა

13:37 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა.

„მიმაჩნია, რომ ასევე შეცდომა იყო შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ მიმიღია მონაწილეობა არც საბჭოს არჩევნებში და არც შარლ მიშელის დოკუმენტის „შეფასებაში“, – დაწერა სოციალურ ქსელში მამუკა წიკლაურმა.

მოსამართლეთა კონფერეციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები ემიჯნებიან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე შოთა გეწაძემ თქვა, რომ განცხადების პათოსს არ ეთანხმება და „ყველა მოსამართლე ასე არ ფიქრობს“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი გამოთქვამს სურვილს, საერთაშორისო პარტნიორებმა დაუღალავად განაგრძონ მოსამართლეების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.

„მეტი განსხვავებული აზრის საჭიროება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესში მეტი დემოკრატია ისევ ჩვენი, მოსამართლეების, ინდივიდუალურ გაძლიერებას ემსახურება. ყველაზე მეტად ვინც ამ საქმეში, ჩვენს გაძლიერებაში შეიძლება წვლილი შეიტანოს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან.

მათი ძალისხმევით, წლებია ვცდილობთ ისეთი სასამართლო შევქმნათ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა ექნება. ნდობისა და პატივისცემის გარეშე კი კანონის დაცვაც ფიქცია ხდება. ამიტომ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მოსამართლეებმა ვესაუბროთ ამ პათოსით, ნიშნავს დაკარგულ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, –  ამბობს მესხიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თამარ ხაჟომიას თქმით, განცხადება გაკეთდა ადმინისტრაციული კომიტეტის და არა მოსამართლეთა სახელით, თუმცა, მკითხველმა შესაძლოა იფიქროს, რომ ეს მოსამართლეთა შეთანხმებული პოზიციაა.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ თითოეული მოსამართლე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობა სწორედ თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობაზე დგას. როცა თუნდაც ერთ სასვენ ნიშანს არ ვეთანხმები, ჩემთვის მიუღებელია, ჩემი სახელით ვრცელდებოდეს რაიმე მოსაზრება“, – დაწერა სოციალურ ქსელში ხაჟომიამ.

31 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მოსამართლე წევრებად პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. მათ თამარ ონიანი და თეა ლეონიძე შეცვალეს, რომლებმაც თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს. საბჭოს ამ ორი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების შერჩევის პროცესი არაკონკურენტული, გაუმჭვირვალე და ნაჩქარევი იყო.

„როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.

სასამართლო სისტემის ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი, რომელიც დახურული სისტემის გამო გამოთიშულია ამ პროცესიდან, უკეთესს იმსახურებს“, – ნათქვამი იყო აშშ-ის საელჩოს შეფასებაში.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კი განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ჰარცელის თქმით, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი საპასუხი განცხადებაში წერს, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების შეფასებები გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. კომიტეტის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელების ჩათვლით, დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს, არ ჩაერიოს მის საშინაო საქმეებში.

„ნებისმიერმა თანამდებობის პირმა თუ ორგანიზაციამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის აღნიშნული გადაწყვეტილება არც „გაუგებარი“ და არც „უკან გადადგმული მე-5 ნაბიჯია“, არამედ ის არის სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამოხატულება, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზება.

კონფერენცია ჩატარდა კანონის სრული დაცვით და თუ ვინმესთვის მიუღებელია მისი შედეგები, ამის გამო მთელი პროცესისთვის ჩრდილის მიყენება ცალსახად უმართებულოა. რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება ვერანაირად დააზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან სწორედ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩაურევლობა და მისი დამოუკიდებელი საქმიანობა არის დასავლური მართლწესრიგის უმთავრესი ქვაკუთხედი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტისთვის გაუგებარია, რატომ შეფასდა კონფერენციის ჩატარება „ნაჩქარევად“, რადგან „ყველა დაინტერესებული პირისათვის 7 დღით ადრე გახდა ცნობილი კონფერენციის თარიღის და განსახილველი საკითხების შესახებ“.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასკვნები იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე „ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და რომ „დახურული სისტემის გამო ბევრი პროფესიონალი წევრი გამოთიშულია ამ პროცესიდან და უკეთესს იმსახურებს“. ასეთი შეფასებები შეურაცხმყოფელია მთელი სასამართლო კორპუსისათვის და ცალსახად წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას“, – პასუხობს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი ელჩებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩება სრულიად თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში, კანონით დადგენილი ფარული კენჭისყრის პირობებში.

„კანონი საკონკურსო პროცედურების განხორციელებას არ ითვალისწინებს. უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე წევრობის კანდიდატურის დასახელება შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს. არც წარსულში ყოფილა შემთხვევა და არც 31 ოქტომბრის კონფერენციაზე შეზღუდულა რომელიმე მოსამართლე – დაესახელებინა კანდიდატურა და ამგვარად ჩაბმულიყო საარჩევნო პროცესში. თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი,მზად ვართ ვიმსჯელოთ მათზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, განხილული შეფასებები ტოვებს განცდას, რომ გარკვეული სუბიექტები ვერ შეურიგდნენ კონფერენციაზე მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს და ამის გამო ხდება სასამართლო სისტემაზე თავდასხმა“,  – ნათქვამია მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]