weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

როგორ უმკლავდებიან პანდემიას სვანეთის სოფელ ადიშში

14:55 ორშაბათი, 01 ნოემბერი 2021

მარეხ ხაფთანი 7 წელია რაც ადიშში ცხოვრობს. მისი ოჯახი სვანეთიდან 1987 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ ქვემო ქართლში ჩაასახლეს. მაშინ სტიქიას სვანეთში მსხვერპლი მოჰყვა. ადიშში, რომელიც 45 კომლს ითვლიდა, განსახლების შემდეგ მხოლოდ სამი ოჯახი დარჩა, უგზოდ, უშუქოდ, უკავშიროდ. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასე ცხოვრობდნენ და სოფელსაც აცოცხლებდნენ.

10 წლის წინ, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას და ზემო სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტის გახსნას, ტურიზმის განვითარება მოჰყვა. ადიში მესტიიდან უშგულისკენ მიმავალი საფეხმავლო მარშრუტის ნაწილია. დიდრონი კოშკებითა და ძველი, დაზიანებული, მაგრამ ხელუხლებელი მაჩუბები ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. ამან ადიშში შემოსავლის მიღების შესაძლებლობები გააჩინა და ეკომიგრანტად ქცეული ხალხის დაბრუნებასაც ხელი შეუწყო.

„ჩემი დაბრუნება იმან განაპირობა, რომ კარგი სოფელია. მეურნეობის განვითარება შეიძლება. გაშლილი მინდორია, საქონლისთვის საკვებიც საკმარისია, აქედან შეგიძლია საქონელს უყურო, რომ ვინმემ არ მოგპაროს. მეორე და მთავარი ფაქტორი ტურიზმია. კარგი შემოსავალი მოგვიტანა. რადგან დიდი მოთხოვნა იყო, გადავწყვიტეთ, გავფართოებულიყავით. ჩვენი სახსრებით ამას მაინც ვერ შევძლებდით. ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ და ექვსოთახიანი საოჯახო სასტუმრო ავაშენეთ. 2020 წელს კორონავირუსი რომ გავრცელდა და საზღვრები ჩაიკეტა, შემოსავალი აღარ გვქონდა. სესხი ვერ გადავიხადეთ, გადავავადეთ. იცით ალბათ, გადავადების გამო ბანკი პროცენტს ძალიან რომ ზრდის. წელს იყო ცოტა შემოსავალი, მაგრამ კოვიდის გამო, ერთი თვე არავის ვიღებდით. ოჯახის წევრები კორონავირუსით ვიყავით ინფიცირებული“, - მარეხის ოჯახი იძულებული გახდა სესხის გადასახდელად საქონლის ნაწილი გაეყიდა. „მე პირადად 2 ხარი, 2 ძროხა და 2 ცხენი გავყიდე. ყველა ოჯახი ასე მოიქცა. სამსახური აქ არ არის, რომ იმუშაო, არც საბავშვო ბაღია, არც სკოლა, არც ამბულატორია, არც რამე საწარმო, არაფერი. არც ხელფასი გვაქვს და არც საპენსიო ასაკი. პენსიაც რომ გვქონდეს, იმით სესხს როგორ გადავიხდიდით?!“

პანდემიის პირობებში სახელმწიფოსგან ვერანაირი შეღავათი და მხარდაჭერა ვერ მიიღეს, მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები ბიზნესად რეგისტრირებული არ აქვთ.

„წელს თანხა როცა შევიტანე, ბანკმა 2000 ლარით დამაჯარიმა. ვადაგადაცილება მქონდა, თანხა თავის დროზე რომ ვერ გადავიხადე. რაღაც შეღავათი ხომ უნდა იყოს, კორონა გვქონდა ოჯახში ყველას, ვერავინ ვმუშაობდით, მაგრამ არავინ არაფრით დაინტერესდა. პირიქით, ბანკები გამდიდრდნენ, ჩვენ გავკოტრდით“, - ამბობს მარეხ ხაფთანი.

ნინო ხვისტანი ერთ-ერთი პირველია ქვემო ქართლიდან ადიშში დაბრუნებულთაგან. გარდაბანში იქაურ კლიმატთან და პირობებთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ. სვანეთში ტურიზმის განვითარებამ ბიძგი რომ მისცა და დააჩქარა აქედან განსახლებული სვანების მამაპაპისეულ სოფლებსა და სახლებში დაბრუნება, ნინო თავისი მაგალითით ადასტურებს.

ადიშში ახლაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ - ისევ არ აქვთ გამართული და უსაფრთხო გზა, სატელეფონო კავშირი, ინტერნეტი.

„ტურიზმი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, 2-3 სახლზე მეტი ახლაც არ იქნებოდა სოფელში. ნასახლარები დარჩებოდა, როგორც ამ დანგრეულ სახლებს უყურებთ. ამ სოფელში ახლა ხუთი სრულიად ახალი სახლია. მშენებლიბა აქ ადვილი არ არის, პირიქით, ძალიან რთულია. მესტიაში შეიძლება ააშენო და 50 ათასი დაგიჯდეს, ის აქ მინიმუმ ორჯერ მეტი ღირს. სამანქანო გზა არ არის, შორსაა. მარხილით ამოგვაქვს ტვირთი - ქვიშა, ხრეში, ცემენტი, ქვა, ყველაფერი ხარებით გვაქვს მოზიდული. კოვიდმა ჩვენზე ძალიან ცუდი ზეგავლენა მოახდინა. ყველას კრედიტი გვაქვს აღებული. ოჯახს ვერ ნახავთ ბანკიდან სესხი არ ჰქონდეს გამოტანილი. ეს ორი წელი, პანდემიის გამო შემოსავალი რომ არ გვაქვს, ვისაც საქონელი გვყავს, გავყიდეთ და სესხის ნაწილი გადავიხადეთ. 14 ათასი ლარი შევიტანე, მაგრამ რადგან გადავადება მომიხდა, 12 ათასი ლარი პროცენტში წაიღეს და მხოლოდ 2 ათასი ლარი მოაკლდა ძირს“, - ნინოს თქმით, უარყოფით გავლენასთან ერთად კოვიდპანდემიას დადებითი მხარეებიც ჰქონდა: „თვითონ მოსახლეობამ თუ რამე გააკეთა ამ პერიოდში, საკუთარი ძალებით, შიდა გზების მოწესრიგება, ყანების შემოღობვა, ხვნა-თესვა, ყველაფერში ვეხმარებოდით ერთმანეთს. მიწა არ დარჩენილა დაუმუშავებელი. არცერთი სახლი არ დატოვებულა ზამთარში მიუხედავი. ვინც დარჩნენ ზამთარშიც, ბიჭები თოვლისგან ყველას სახურავს ასუფთავებდნენ. გინდა ზაფხულში, როცა წყალდიდობა ან მეწყერი იყო, ერთიანი ძალებით პატრონობდნენ ყველაფერს, როგორც ძველად იყო. ვიდრე ტურიზმი იყო, ამისთვის არავის ეცალა“.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]