weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ინტერნეტის არქონის ზეგავლენა სვანეთის სოფლებში განათლების ხელმისაწვდომობაზე

15:31 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

„მობილური სკოტჩით მაქვს მიმაგრებული ფანჯარაზე. ეს ერთი წერტილია სახლში, სადაც სატელეფონო კავშირია და ინტერნეტიც მხოლოდ ამ ადგილას იღებს. როცა მირეკავენ ან რამის ნახვა მინდა ინტერნეტში, ფანჯარასთან სკამს ვდგამ, ზედ ავდივარ, ტელეფონს ყურს მივადებ და ისე ვსაუბრობ. მოვხსნი და გაითიშება, არ დაიჭერს, გამორიცხულია“, - სოფო წულუკიანი მესტიის რაიონის სოფელ დიზის ამბულატორიის ექთანია. ამბულატორია არ ფუნქციონირებს. როცა ვინმეს დახმარება სჭირდება, სოფოს უნდა დაურეკონ ან სახლში მიაკითხონ. ასე, წვალებით ახერხებენ სატელეფონო კომუნიკაციას, რასაც ვერ ვიტყვით ონლაინსწავლებაზე. სვანეთის უინტერნეტო სოფლებში მცხოვრები ბავშვები პანდემიის პერიოდში სწავლას ჩამორჩნენ, ბევრი სტუდენტი კი იძულებული გახდა, აკადემიური შვებულება აეღო და ერთი წელი ჩაეგდო.

დიზი ლახამულის თემშია, მესტიიდან 48 კილომეტრში. 70-მდე ადამიანი ცხოვრობს, ბავშვებიც არიან და სტუდენტებიც, სკოლა კი აღარ აქვთ. მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო რამდენიმე წლის წინ დახურეს. პანდემიამდე ბავშვები დიზიდან ლახამულის სკოლაში დადიოდნენ. სკოლის მანქანით ყოველდღიურად 24 კილომეტრის გავლა უწევდათ. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, როცა ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა და სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ონლაინრეჟიმზე გადავიდა,

დიზის მცხოვრებლები, ისინი, ვისაც ოჯახებში სკოლის მოსწავლე ბავშვები ან სტუდენტები ჰყავთ, ახალი პრობლემების წინაშე დადგნენ - როგორ გაეგრძელებინათ სწავლა ინტერნეტის გარეშე დარჩენილი სოფლიდან.

„ჩემი ოჯახის წევრი სწავლას რომ ვერ ახერხებდა, პანდემიის პირველ წელს იძულებული გახდა, აკადემიური აეღო. მეორე წელს სწავლა რომ კვლავ ონლაინ დაიწყო, ისევ აკადემიურს ხომ არ აიღებდა, ქალაქში წავიდა და იქიდან ერთვება ონლაინგაკვეთილებს“, - სოფო წულუკიანის თქმით,

გამართული სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის არქონა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რაც სოფლიდან ახალგაზრდების გადინებას ხელს უწყობს.

„ონლაინსწავლებაზე რომ გადავედით, სტუდენტებს ვინც რეგიონებიდან ვართ, სახლებში დაბრუნება მოგვიწია. ვინც თბილისში ქირით ცხოვრობს, ასე, მთელი წლის განმავლობაში თანხასაც დაზოგავდა, მაგრამ ჩვენი სოფლიდან ლექციებზე დასწრება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო“,- თამარ ჭკადუა სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მას აკადემიური შვებულებით არ უსარგებლია, თუმცა ამბობს, რომ სოფელ დიზში უკიდურესად უხარისხო ინტერნეტის გამო მეორე კურსი თითქმის ჩაუვარდა.

მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ზემო სვანეთის 156 სოფლიდან არცერთში არ არის. კომპანია „სქაიტელი“ ინტერნეტს მხოლოდ დაბა მესტიის ნაწილს აწვდის. სოფლად მცხოვრები მოსახლეობა მობილურ ინტერნეტზეა დამოკიდებული. მობილური ინტერნეტი კი 20-მდე სოფელში საერთოდ არ არის, სატელეფონო კავშირიც არაა.

„ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციას 2014 წლიდან ჰპირდება. 2017 წლიდან ამ უფლებაზე ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა - მე-17 მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“.

2014 წლიდან დღემდე „ქართული ოცნება“ ყველა საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ამომრჩევლებს პირობას აძლევს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90 %-ზე მეტს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ექნება. მთავრობამ ორჯერ სახელმწიფო პროგრამაც კი დაამტკიცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ კი ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა.

მრავალი პომპეზური დაპირების შემდეგ, გასულ წელს ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის განხორციელება მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო, წელს კი ქობულეთში გაგრძელდა.

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ პროგრამა მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებს მოიცავს, ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში კერძო კომპანია რომ არ გეგმავს ინტერნეტის გაყვანას და მოსახლეობა მეტია ან ტოლია 200-ის. სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია საქართველოში. მესტიის რაიონის 156 სოფლიდან 200-ზე მეტი ადამიანი მხოლოდ მხოლოდ იდლიანსა და იენაშში ცხოვრობს. საქართველოში კი 1586 ისეთი სოფელია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]