მიხეილ სააკაშვილი ყველა მოშიმშილეს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და აღნიშნავს, რომ „ამ საქმისთვის ერთი მსხვერპლიც საკმარისია“.
„არ ვიცი, ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება. ასევე მივესალმები ელენე ხოშტარიას, დიახ ელენე, ნამდვილად არ დამვიწყებია, ან რა დამავიწყებს შენ სახელს, პარლამენტთან და ციხესთან სოლიდარობის, შიმშილობის მონაწილეებს“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გუშინ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მეხსიერების პრობლემა აქვს. როგორც გვარამიამ თქვა, სააკაშვილმა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ელენე ხოშტარიას სახელი ვერ გაიხსენა.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება და წინ მეტი პრობლემაა მოსალოდნელი, რის გამოც საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია.