„დღესდღეობით ბუსტერ დოზა რეკომენდირებული გვქონდა 50 წლის ზემოთ პირებისთვის და ქრონიკული პაციენტებისთვის, თუმცა უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ექსპერტების პანელის მხრიდან, რომელსაც სამინისტრო ფორმალიზაციას ხვალ გაუკეთებს, რაც ბუსტერ დოზებს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერი პირისთვის 18 წლის ზემოთ ასაკში“, – განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებისთვის მეორე აცრიდან 6 თვე უნდა იყოს გასული.
„ეს არის იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. როგორც ინფექციის გადატანის, ისე ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ გარკვეულად იკლებს იმუნური პასუხის სიძლიერე და ამდენად, სასურველია, რომ პირმა დამატებითი აცრა ჩაიტაროს. ბუსტერ დოზა შეიძლება ჩატარდეს ოთხივე ვაქცინით („ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“) აცრილ პირებში. „სინოფარმით“ აცრილ პირებს შეუძლიათ ბუსტერ დოზით ისევ „სინოფარმით“ აიცრან, იგივე შეეხება „სინოვაკს“, „ფაიზერის“ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ოფცია არის „ფაიზერი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. დღეისთვის სრულად, ანუ ვაქცინის ორივე დოზით, აცრილია 952 831 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.4%-ია.