ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი წლებია საუბრობს, რომ როგორც დახურულ, ისე ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ქცევის მართვა ხდება ადგილობრივი ე.წ. ავტორიტეტების თუ მაყურებლების მხრიდან.
„გასული წლის განმავლობაში ჩვენ თავადაც გვქონია შემთხვევები, როდესაც ჩვენი წარმომადგენლების მიმართ ძალიან კოორდინირებულად და ორგანიზებულად მომხდარა თავდასხმები, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რაზეც დარწმუნებულები ვართ და ამას გარკვეული გარემოებებიც ადასტურებს, რომ ეს იყო ორგანიზებული, კოორდინირებული და არ იყო პატიმართა გარკვეული ჯგუფის სიბრაზის გამოვლენა ჩვენს მიმართ, რაც არაჯანსაღი და არაბუნებრივი მგონია, მით უმეტეს, როცა ერთადერთი ინსტიტუტი ვართ, რომელიც მათ უფლებებს ვიცავთ ნებისმიერ ვითარებაში.
რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული და კოორდინირებული, თუმცა, ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, სრულიად შეფუთული შევდივარ მე პირადად ციხეში.
რამდენიმე წამი დამჭირდა, სანამ მანქანიდან მე-18 დაწესებულებაში შევიდოდი და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აჩენს. როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული“, – განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, პენიტენციურმა სამსახურმა რატომ გადაიყვანა მიხეილ სააკაშვილი ისეთ დაწესებულებაში, სადაც ბოლო წლის განმავლობაში, რუსთავის N12 დაწესებულებიდან არცერთი პატიმარი გადაუყვანიათ.
მიხეილ სააკაშვილი N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც გლდანის ციხის გვერდით მდებარეობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. პატიმარი აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მას ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა, უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამავე პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.