ბათუმში დაკავებულია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ფუტკარაძე, ხოლო გორში – ბადრი გრიგალაშვილი.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა და აქტივისტებმა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავსა და გორში სუს-ის შენობებთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და დაწესებულების შესასვლელი ავტომობილებით ჩაკეტეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები იყო: სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი ბარიერით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ საავადმყოფოში.
ავტომობილების და იქ მსხდომი აქტივისტების გადასაყვანად ადგილზე ევაკუატორები გამოძახეს. ევაკუატორით გადაიყვანეს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც თბილისში, ე.წ. მოდულის შენობასთან იყო გაჩერებული. მისი თქმით, ევაკუატორით სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიჰყავთ.
„კარგია ეს ყველაფერი, რაც ხდება. საბოლოო ჯამში, ამ სისტემას დაამარცხებს ადამიანების ინდივიდუალური პროტესტი, ამისი მჯერა. აქ რომ მოვდიოდით, ჩვენთვის გასაგები იყო, რომ აქ არ დაგვტოვებდნენ, მაგრამ მზაობა უნდა გქონდეს, რომ წახვიდე რაღაც ტიპის მსხვერპლზე, მათ შორის იმაზე, რომ შესაძლოა თავისუფლება დაკარგო ცოტა ხნით, შეიძლება მანქანა დაგიზიანონ, შეიძლება ჯარიმა აგკიდონ და ა.შ. სხვანაირად არაფერი გამოვა“, – ამბობდა ჯაფარიძე.