როგორც ექიმმა აღნიშნა, 2019 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობის 2237 ფაქტი დაფიქსირდა.
„ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე, ხოლო ნაწილმა, რომელსაც დაუფიქსირდა შიმშილობის შემდგომი ეფექტები, საჭიროდ ჩაითვალა და გადმოყვანილი იქნა მე-18 დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია. მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და კვალიფიციური პერსონალი, რათა მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია“, – განაცხადა სანდრო მათეშვილმა.
მისივე თქმით, პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ და დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გუშინ დაწესებულებაში იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფი. მათი თანდასწრებით მოხდა პაციენტის სამედიცინო ბარათის შესწავლა, ასევე წარმოდგენილი იყო უახლესი ლაბორატორიული მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული მონაცემების ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას.
დღეისთვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია.
მინდა, დავაზუსტო ერთი დეტალი, რომელიც გაჟღერდა ექიმ გიორგი გრიგოლიას განცხადებაში, რომ დაწესებულებაში პერსონალი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. მინდა დავაზუსტო, რომ ეს პერსონალი ჩვენთან მუშაობს სახელშეკრულებო საფუძველზე და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რომ მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა, ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს დასჭირდება“, – განაცხადა ექიმმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 48-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო ტიპის მრავალპროფილურ საავადმყოფოში მოხდეს. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, N18 დაწესებულებაში „შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება“.