weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოპედის სამართავად მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება

10:08 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების და მოპედების რეგისტრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.

მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი - „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება. შესაბამისად, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 16 წლით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე ექნება უფლება, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

„AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდაპირველ, გარდამავალ პერიოდში, მოპედების რეგისტრაცია ასევე იქნება შესაძლებელი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.

რეგისტრაცია ითვალისწინებს შეღავათებს სოციალურად დაუცველი პირებისთვის. ასევე, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდებიან 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირები. სრულად თავისუფლდებიან პირები „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

სიახლეა ასევე „A2“ ქვეკატეგორიის შემოღება, რომელიც მოიცავს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლს.

მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი „B“ და „BE“ კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის - 2022 წლის 7 ნოემბრიდან.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულება, კერძოდ, „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]